ჩემი იავნანა

“ადამიანებს, რომელთა ხელობა დავიწყებაა,

დავიწყება მათი, ვინც უყვართ” …

(ზ.რატიანი)

წვიმდა. ბანალური დასაწყისია, მაგრამ მართლა წვიმდა, თან არა ისე, როგორც სჩვევია თბილისს. თვალშისაცემად არათბილისურად იწვიმა მთელი კვირა და ტალახისფრად ჩამოკიდებული ცა კიდევ უფრო დაემსგავსა ბავშვობაში ნანახ ერთერთ მულტფილმის გმირს. აპრილმა ვერ მიაპრილა.

დღე დაიწყო შუადღის სამ საათზე ჩემი ოთახის ფერად კედლებში. ჭერი კიდევ უფრო ჩამოწეული მეჩვენა და გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ გუშინ უნდა დამერეკა ჩემებთან ამის თაობაზე. სააბაზანოში შევამჩნიე, რომ სახლი მქონდა დასალაგებელი და პირი აღარც დამიბანია. ბავშვობიდან ასეთი ჩვევა მქონდა, დილიდან (ნუ დილიდან რა, როცა გავიდილავებდი) ჯერ სახლის მილაგებას ვიწყებდი და შემდეგ საკუთარი თავის მოწესრიგებას. ექვსი იყო დაწყებული, ყველაფერი ჩემს ჭკუაზე რომ მოვიყვანე და ისეთი ცხელი შხაპი მივიღე, სხეული დამიბუჟდა. ფანჯარაში გავიხედე. წვიმდა. დამირეკეს, რაღაც ახალ ფილმზე წავიდეთო, მაგრამ რატომღაც უარი ვუთხარი, არადა მახსოვს, როგორ ველოდებოდი ამ ფილმს. ჩაცმისას სხეულზე ახალი სისხლჩაქცევები აღმოვაჩინე, მაგრამ შეგნებულად უფრო მეტად რომ არ გამეფუჭებინა განწყობა, არ შევიმჩნიე და თმის გაშრობა დავიწყე. უჯრაში ჩემს ძველ, ძალიან ძველ და ყველაზე საყვარელ თმის სამაგრს ვეძებდი, მაგრამ ყველაფერი ვიპოვე იმის გარდა. პაწაწინა მწვანე ფურცელი, სულ ხელებში რომ მედებოდა, ამოვიღე გადავაგდებმეთქი. ურნასთან უმნიშვნელო ცნობისმოყვარეობის გამო დავხედე “ირაკლი 36 73 73”. გავწითლდი, იმაზე მეტადაც კი, როცა პირველად დავხედე ამ ფურცელს. დეკემბრის ყინვიდან უეცრად აგიზგიზებულ ბუხართან რომ შემოხვალ, გათოშილ თითებს ცეცხლს რომ მიუშვერ, რომ აგეწვება მთელი სხეული და რომ ვერც კი მიხვდები ისე გათბები, ზუსტად ასეთი გრძნობა დამეუფლა. მერე შემრცხვა. მერე გავბრაზდი. ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩემებურად ამეტირა და დაიწყო. მწვანე ნაგლეჯივით დავკუჭე თითქოს ყველა მოგონება, ყველაფერი რაც იყო და ახალი ნახატისთვის ახალი ფურცელი ამოვიღე გონებაში. მაგრამ არასოდეს ვყოფოლვარ ისეთი სულელი, მსგავსი რაიმე დამეჯერებინა. მთელი საღამო ვცდილობდი ნებისმიერი რაიმეთი შემექცია თავი, ოღონდ არ გამეხსენებინა ის, რაც იყო და არა იყო. ზღაპარივით მარტივი და კეთილი, მაგრამ ზღაპარივით ტყუილი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს და ყველაზე მართალია შენთვის.

მეორე დილით სამსახურში მისვლისთანავე ვიგრძენი, როგორ მტკიოდა თავი და რა აუტანლად მაწუხებდა უმნიშვნელო ხმაურიც კი. რაღაც მოვიმიზეზე და წამოვედი. მაგრამ სახლში მოსვლა ნამდვილად არ მინდოდა. იმ დღეს პირველად აღმოვაჩინე, როგორ ინსტიქტურად და ჯანმრთელად მოქმედებს ქვეცნობიერი. პირველი კორპუსის ეზოსთან მანქანა რომ გავაჩერე, მერე მივხვდი სადაც ვიყავი. ისეთი თავსხმა იყო (მოგონებებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ამინდი), კაციშვილს ვერ დაინახავდით. მე კიდევ ქოლგის ერთგული პროტესტანტი, მანქანიდან გადმოსვლისთანავე დავსველდი. მაინცდამაინც ის გამახსენდა ზაფხულობით სოფლის ბიჭები, რომ ვედრით მასხმადნენ წყალს და ხმამაღლა გავიცინე. ეზოში ყველაფერი ძველებურად იყო, ან რა უნდა შეეცვალათ?! მეტად მაინც ვეღარ დავსველდებოდი და ეკლეესიისკენ რომ სკამია იქ ჩამოვჯექი. მუშტაედის კარუსელივით დატრიალდა წარსული და ვგრძნობდი ამჯერად ვეღარ შევძლებდი წინააღმდეგობის გაწევას. ყველაზე მეტად სინდისი მაწუხებდა. ექვსი წელი გავიდა და ერთხელაც არ გამხსენებია. ძალიან მიყვარდა. ყველაზე მეტად მიყვარდა. მერე რა, რომ იმის მერე დიდი დრო გავიდა, რომ აღარ მინახავს, რომ ძალიან ბევრი ვიტირეთ ბოლოს ერთად?! მერე რა, თუ აეროპორტში ცრემლიანი ვპირდებოდი, რომ სიცოცხლის ბოლომდე დაველოდებოდი, რომ სჯეროდა, რომ ქალი ვიყავი და დამავიწყდა?! მერე რა, რომ ქალურად ვუღალატე და კაცურად მიპასუხა?! მერე რა, რომ დრო მართლა გავიდა, რომ ის უკვე მამა იყო და მე მალე ცოლი მერქმეოდა?! მერე რა?!

აუტანლად მრცხვენოდა, ბოლო ხმაზე მინდოდა მეყვირა. ერთხელ მაინც როგორ არ გამახსენდა?! მართლა მრცხვენოდა, მართლა მაწუხებდა სინდისი, მართლა მეტირებოდა და მართლა რამდენი გულწრფელი მართლა გროვდებოდა ტვინში. ტავტოლოგიის ხროვა მესეოდა მოგონებებთან ერთად და თითქოს მართმევდა საკუთარი თავის რწმენას, რომლის მოპოვებაც ჯანმრთელობის, პირდაპირ და ყველანაირგვერდგადატანითი მნიშვნელობის ფასად დამიჯდა. მაგრამ ვეღარ ვხვდებოდი, მიღირდა კი ასეთი რწმენა?! ტრაგიკული თითქოს არაფერი იყო, მაგრამ სწორედ ეს არატრაგიკულობა და ყველაფერის კარგად ყოფნა მაგიჟებდა. ვერ ვხსნიდი, როგორ ან რატომ ივიწყებდა ივიწყებდა ადამიანი ასე თავისუფლად ცხოვრების თუნდაც ერთ ნაწილს?! მართლა ვერ ვხვდებოდი. აღარც განათლება მშველოდა, აღარც პროფესია და მითუმეტეს გამოცდილება. პატარა ბავშვს ვგავდი, სიმაღლის რომ ეშინია და გაფუჭებულ ატრაქციონზე აღმოჩნდა, თანაც ყველაზე მაღლა. ჰოდა, ზის თვალებდახუჭული და ელოდება, როდის უშველიან. მაგრამ საშველი არაფერი იყო და არც მე ვაპირებდი რაიმის შეცვლას. უბრალოდ, იმდენი მეგობარი გამახსენდა, რომლებიც ისევე მყავდნენ დაკარგულდავიწყებულამოშლილები, როგორც ის ადამიანი, რომელიც მიყვარდა და რომელსაც ვუღალატე. ვითომ თავდაცვის ამბავი იყო ასე რომ დავივიწყე, სინდისს რომ არ შევეწუხებინე?! არა, სინდისი არც ახლა მაწუხებდა იმის გამო, რომ ვუღალატე. “ღალატი უაღრესად ადამიანური თვისებაა, მაგრამ ადამიანთა ცხოვრებაში დგება ჟამი, როცა ჩვეულებრივი უჩვეულოდ გამოიყურება, ადამიანური – არაადამიანურად” – ყოველთვის მახსოვდა ოთარ ჭილაძის ეს სიტყვები და პრინციპში მიადვილებდა კიდეც ცხოვრებას. მხოლოდ იმას გადავყავდი ჭკუიდან, რომ თურმე ამდენი ადამიანი დამვიწყებია, რომ მთლიანად ჩანაცვლებულგადახალისებულგანახლებული აღმოჩნდა ჩემი სამეგობრო თუ ნაცნობების წრე. ნამდვილად არაფრის გაკეთებას ვაპირებდი, ან რა უნდა გამეკეთებინა, ვერც კი ვხვდებოდი რა მჭირდა. გული მწყდებოდა, რომ ასეთი ვიყავი და რომ ასეთი იყო ყველა ჩემს გარშემო. რომ ასეთი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ორმოცდაათ ფურცლიანი ეთიკის კოდექსი არა მარტო ზეპირად ესწავლა, არამედ მონაწილეობაც მიეღო მის შედგენაში. ადამაინი, რომელიც ზრუნავდა სხვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ადამიანი, რომელსაც სიმართლეს ანდობდნენ, თვითონ კი არავის ენდობოდა. ადამიანი, რომელიც ერთ თვეში გათხოვებას არა, ალბათ უფრო გაცოლებას აპირებდა. ადამიანი, რომელიც ორჯერ გადარჩა სიკვდილს და რატომღაც ორივეჯერ ეგონა, რომ სიცოცხლე დააფასა. ადამიანი, რომელმაც ბავშვობა ღალატით ისწავლა და ღალატი სიყვარულით. ადამიანი, რომელიც გამუდმებით ცდილობდა გაემარტივებინა ცხოვრება, რადგან ერთხელ უთხრეს, ზედმეტად ართულებ ყველაფერს და ეგრე არაფერი გამოვაო. თან ისეთმა უთხრა, რომ ძალიან ატკინა და მას მერე ამ კომპლექსით დაავადდა. თვითონაც გადასარევად ესმოდა, რომ ზედაპირზე ცხოვრებას ვერ შეძლებდა და სიღრმე მაინც თავისას უზამდა. ჰოდა, უქნა კიდეც, მაგრამ არც ამას შეიმჩნევდა, რადგან დიდი ხანია არშემჩნევა გაისისხლხორცა. ასე გაცილებით იოლი იყო.

– დაიკო, ვერ დამეხმარები? – მშობლიურ ხმასავით ვიცანი. ჩემი თაობის ყველა სტუდენტი იცნობდა, ყოველშემთხვევაში ერთხელ მაინც ეყოლებოდა ნანახი, უნივერსიტეტის ბაღის მკვიდრადერთგული ბომჟი იგორა. ჩვენი “ოლია მათხოვარი”, რომელიც ფუჩეჩის ნაცვლად, არაყი, არაყი, არაყის ბუტბუტებდა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. არც ისე დაბერებულიყო. ალბათ მე უფრო მეტყობოდა ასაკი, ვიდრე მას. თავი გავაქნიე და გამეღიმა. ღიმილზე ღიმილით მიპასუხა. ეს ისევ აქ ცხოვრობს, გავიფიქრე და წამოვედი. ბომჟები არ იცვლებიან.

ბომჟები არ ბერდებიან. ბომჟები გაცილებით აფასებენ სოცოცხლეს, ვიდრე მე. ახლა უკვე ვხვდები რატომაც, ისინი მართლა მარტივად ცხოვრობენ და ჩემსავით მოჩვენებით არ იმარტივებენ ყოველდღიურობას. ისინი ნაღდები არიან. შენი დედიკო კი არა, ჩემო პატარავ. მაგრამ მიუხედავად წარსული სიყალბისა, შენ, ჩემო გოგონავ, ამართლებ ჩემს არსებობას და წმენდ დალექილ სიბინძურეს. ან უბრალოდ, მე ამჯერად შენით ვიმშვიდებ თავს და უსინდისოდ ვიწყებ ახალ, ისევ შენით გამარტივებულ და გადახალისებულ სიცოცხლეს, რომელიც ყველა დანარჩენზე მეტად ჩემია.

4 thoughts on “ჩემი იავნანა

  1. ramxela gancdebi damitova shenma nawerma ro icode(chawerac ki davapire gancdebis..mere gadavifiqre)… megona ro shemiyvardi, an didi xania gicnib da sul miyvardi…ზღაპარივით მარტივი და კეთილი, მაგრამ ზღაპარივით ტყუილი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს და ყველაზე მართალია შენთვის<<<aman gamomarkviagamomafxizla shemomartya, azrzec momiyvana da zustad igive gamafiqrebina shenze… magram miyvarxar mgoni mainc…:|

  2. მალადეც შენ ! :))) ჯერ შენ გაერკვიე და მერე მე გამარკვიე გრძნობებში :)))))))))))))) არ დამიმალო, გამენდე :))))))😉

    • meore dgea…gamecina chem nawerze=| magram vushveb, rom tu kidev wavikitxav sheidzleba igive ganvicado..

      nu avardebi chista qalurqajurad nu chabjirdebi apasnatramvulad

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: