გუშინ

გაზაფხულია (არაფერი ეტყობა, მაგრამ მაინც). ალერგია დამეწყო და მაგიჟებს (მე თუ კიდევ გაგიჟება მინდა).
ნერვული სისტემა მომიკვდა. დავკრძალე უცხოსავით, უცერემონიოდ, უცრემლოდ, უცნობების უცნაურ გარემოცვაში და არც საფლავზე მისვლის სურვილი გამჩენია. ასე რომ, ახლა ცოცხალმკვდარი ვარ, უფრო გრამატიკულად რომ ვთქვათ, მკვდარი მყავს ცოცხალ სხეულში. ხელს არ მიშლის, არათუ არ ყარს, არც კი იხრწნება, წმინდანივითაა. ნერვული სისტემა კი მომიკვდა, მაგრამ დაღლა ამომაცოცდა ხერხემლიდან, ზურგზე ნაცარქექიასავით ჩამომაჯდა, სადგისი ჩამარჭო და გადამრია, ისედაც არეული. ვიყვირე, ცოტა ვიგინე კიდეც, მაგრამ ეგ არაფერს შველის ხოლმე ჩვეულებრივ. ჰოდა, მეც ავდექი და თავი გადავიპარსე. თავის მოკლვას თავის მოჭრა ვამჯობინე. გზაში ვიღაც ტყავისშარვლიანი, მაგრამ სიმპატიური ბიჭი ამეკიდა და როკ კონცერტზე წამათრია ( ნუ ისეთი სიმპატიური იყო, უარის თქმა არასოდეს მომივიდოდა თავში). დიდი არაფერი რობის კონცერტი იყო, კუხიანიძის. ცივმა ლუდმა გამისწორა გაღუნული განწყობა. ის მშვიდად ლაპარაკობდა, მე შიშველი თავით ვუსმენდი. ორი საათის შემდეგ მის ოთახში ჯიმი ჰენდრიქსის სურათებიან შპალერზე გამიშტერდა თვალი. ის ისევ მშვიდად ლაპარაკობდა, მე ისევ შიშველი თავით ვუსმენდი. ყავა არ დამილევია. გაცივდა. ფანჯრიდან გადაღვარა. თავში ველოსიპედის ბორბალივით ტრიალებდა მუსიკა. არაყმა დამარტყა და ვეღარ ვარკვევდი ბრუნოს დაწვის მიზეზს, რადგან აშკარად მე ვტრიალებდი და არა დედამიწა. ციოდა. ჯიმი სულელურად იქნევდა გიტარას და მე ინსტიქტურად ვწევდი თავს, რომ არ მომხვედროდა. ფაქტობრივად 3D იყო (ან სამგანზომილებაზე მეტი). ცივი ხელები ქონდა და მჩხვლეტავი წვერი, მაგრამ უხდებოდა. აღარ ციოდა. ის ისევ მშვიდად ლაპარაკობდა, მე ისევ შიშველი, მთლიანად შიშველი, ვიწექი იატაკზე და ვუსმენდი. თავზე მისი ყვითელი ქუდი მეხურა და ჰენდრიქსიც აღარ მიტრიალებდა გიტარას თვალწინ. რომ მოვდიოდი, გულაღმა იწვა. ქუდი გქონდეს – გიხდებაო, მითხრა და მგონი გაიღიმა. უფრო კარგად გამოიყურებოდა დღის სინათლეზე. ცხვირზე ვაკოცე და წამოვედი. სავსე და ნათელი ვიყავი, უფრო მეტადაც კი, ვიდრე გაზაფხულის მზე. მელიქიშვილზე დიდ აბრას აკრავდა ვიღაც ორი ტიპი. აბრა შავი იყო და წითლად ეწერა “ომია!” – რეაქცია მქონდა უტიფარი და შევიგინე, – “ფუი, რაღა ახლა, როცა გავივსე?!”.
მერე ცივი ხელების დაძარღული თითები და არათითზე გაკეთებული რგოლის სიპრიალე გამახსენდა. უფრო გავთავხედდი. მომინდა დამეხრჩო. ნუ, ეგ არაფერი – “ბიოტ, ზნაჩიტ ლუბიტ!”  აბრას ავხედე და ისეთი ღრმა ნაპასი დავარტყი, გაუტყდა და ხელი შემომიბრუნა, თან ისეთი, წავბრარბაცდი. სიბარბაცეში გამომეღვიძა. საათს დავხედე.
უჩვენებდა 04:39 14.03.10.
აღარ დამეძინა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: