ატომურ-ავტობიოგრაფიული დღიური

კიბო ვარ. დავიბადე ივლისის თექვსმეტში. 1945-ში, დილის ექვსის ოცდახუთ წუთზე, მტვრიან უდაბნოში. მშობლები სახელებით არა, მხოლოდ ეროვნებით მახსოვს, იყვნენ: იტალიელი, ამერიკელი, ავსტრიელი, უკრაინელი, უნგრელი და ერთი გერმანიაში დაბადებული ბრიტანელიც კი. ალბათ ყველას ისევე თანაბრად ვუყვარდი, როგორც ვძულდი. ვინ იცის?! იშვიათად (თითქმის არ) მიფიქრია ამაზე.
დღეს ვარ ობოლი, შავგვრემანი, წითური თვალებით და თანდაყოლილი სოკოვანი გამონაყარით. ასაკოვანი, მაგრამ ჯანმრთელი, კარგად მოწყობილი და პერსპექტიული ხანდაზმული. მნიშვნელოვანი არავინ, ჩვეულებრივი ბებერი მკვლელი ვარ. პირველი საქმე ორმოცდახუთის ექვს აგვისტოს ხიროსიმაში ოთხმოცი ათასი გვამით დასრულდა. მეორეც მაშინვე, სამ დღეში, მოვათავე იქვე, ნაგასაკში და შევეშვი. მაშინდელი დანაზოგი დღემდე მყოფნის. ჩემთვის ვარ. ხან ამერიკის ცათამბჯენებს ვათვალიერებ, ხან ციმბირის ტაიგაში დავბოდიალობ და ზოგჯერ ჩემს საყვარელ იაპონიასაც ვსტუმრობ. გააჩნია ამინდის პროგნოზს, აღმოსავლეთის ქარი უბერავს, თუ დასავლეთის.
იმდენი მწერეს, გადამიღეს, გამჭორეს, მწყევლეს, მაგინეს, რომ დღეს ყველა იოლად მცნობს. მადლობის მეტი რა მეთქმის?! მიყვარს ყურადღება. ეგოისტი ვარ მე, მყრალი ეგოისტი! თქვენ – ღორები! ტალახიანი და ჩასუქებულები, რომლებმაც ვერა და ვერ გამოაძღეთ ერთმანეთი დამპალი ხორცის ჭამითა და შედედებული სისხლის სმით. იმაზე მეტად მძულხართ, ვიდრე ყველა იმ მკვდარს ვძულდი, წამებით რომ დავახრჩე. “მშვიდობა იყოს ქვეყანასა ზედა!” – ქადაგებთ ერთნაირად წაბილწული ენებით. “დილა მშვიდობისა!” “დღე მშვიდობისა!” “საღამო მშვიდობისა!” – სინქრონში გაიძახით და რა მნიშვნელობა აქვს როდის რა გაცვიათ :პრეზიდენტის სამოსი თუ პაპის ანაფორა, ბავშვის კომბინიზონი თუ მოკლე კაბა (ოღონდ ისეთი, თან ლამაზი ფეხები რომ მოყვება)?! Aან რა მნიშვნელობა აქვს როდის ვინ ხართ? მშვიდობაც ფეხებზე გკიდიათ, ომიც, ერთმანეთიც, სამყაროც და ყველაზე მეტად ღმერთი.
გუშინ ჩემს სარდაფში ახალ მკლველობას მიკვეთდი, დღეს ეკრანიდან უსუფთაო ღიმილით მისურვებ – დილა მშვიდობისას. მეც სხვა რა დამრჩენია, ისევე მშვიდად გაგინებ დედას?! ბებერი ბოზებივით ფანტაზიის უნარიც აღარ შეგრჩათ, რაიმე ახალი რომ მოიფიქროთ. მშვიდობა არასოდეს, არც ჩემს დაბადებამდე ყოფილა და არც ჩემი სიკვდილის მერე იქნება ამ ქვეყნად. ან რა საჭიროა?! სიმშვიდისთვის არ შექმნილა ეს სამყარო და მითუმეტეს ადამიანი. რატომ წვალობთ ზღაპრებზე გაზრდილები და რატომ აწვალებთ უღმერთოდ თქვენში ღმერთებს? რით ვერ ჩაეტიეთ მაგ ხორცის მატერიაში და რით ვერ მოირგეთ ეგ ცხვირ-პირი? როდის გადადგამთ ახალშობილის ბორძიკით პირველ ნაბიჯებს და როდის მოიხოცავთ თქვენით წვინტლს? როდის იგრძნობთ, რომ ყარხართ და ბოლოსდაბოლოს როდის დაიბანთ ოფლიანი ტანებს?
ჩემი გეშინიათ, არადა თქვენი ველური თესლით გაანაყოფიერეთ ის საშო, რომელიც ჩემს მშობიარობას გადაჰყვა. ჩვილს კი ისე მივლიდით, მიფრთხილდებოდით, როგორც საკუთარს. ერთმანეთს ეცილებოდით ჩემს პატრონობაში. და მეც თითოელი თქვენგანის შვილი აღმოვჩნდი. ჰოდა, ყველა დედა მეზიზგებით, ყველა მამა მძულხართ და სულაც არ მანაღვლებს ჩემი და-ძმების ბედი. ამისთვის უკვე საკმარისზე ბებერი ვარ.
სამოცდახუთი წელია ვფიქრობ – რა გჭირთ ადამიანებს? სამოცდამეექვსე წელში მივხვდი – პატარები ხართ. იშვიათად (მაგრამ ხდება ხოლმე), თუ რომელიმე თქვენგანმა გაზრდა დააპირეთ, მაშინვე დონდლო, პატარა ხელებით დაგახრჩობენ, გაგგუდავენ. პანაშვიდებზე კი მიამიტი გამომეტყველებით, საოპერო გუნდის მსგავსად სინქრონში ჩამოგძახებენ:

– მშვიდად, მშვიდად, მშვიდად განისვენე!

2 thoughts on “ატომურ-ავტობიოგრაფიული დღიური

  1. ისე ძალიან მომეწონა რომ არაფრის დაწერას არ ვაპირებ… მაგარი იყო ძალიან… აი მართლა იქ მომხვდა სადაც საჭირო იყო…

    გაიხარე….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: