იქ არავინ იყო

იქ არავინ იყო.

ის გრძნობდა გრავიტაციის ციებ-ცხელებას. ლურჯი თვალები ჩასისხლიანებული ეძებდნენ სისველეს. საათის ციფერბლატს სამიანზე ჩამოსძინებოდა. წვიმდა თბილად. თბილისი გავდა ნისლიან ალბიონს, მაგრამ გაცილებით ახალგაზრდას. ჭერზე დახატული წითელი მზე ოთახს ბამბის საბნად გადაჰფარებოდა.
იქ არავინ იყო. დაიღალა. პატარა რბილ სათამაშოს ჩაეხუტა და გათეთრდა. მერე მთელ სხეულში ჩამოიღვარა ჭერიდან გავარვარებული მზე და ორგანიზმი დაუწვა. უემოციოდ მოიგლიჯა მკერდიდან სათამაშო და კედელს ესროლა, ვიღაცას აგონებდა, კედელი. ხელები ტოტებივით გამოსწია წინ, ჩვილის თვალებით დახედა, დააკვირდა, დაინახა და იყვირა…
იქ არავინ იყო. მესამე ღამე იყო, რაც დედიშობილას ეძინა. ყველანაირი მატერიის შეხებისას კანკალებდა. ემბრიონის პოზაში ეძებდა ხსნას. ყველაფერი ქონდა. . .და მაინც სავსე არ იყო. არც უცდია. რად უნდოდა?!

ქაოსის ასულს კოსმოსის ძე ვერასოდეს მისცემდა ფერებს. ეშინოდა მამის!

ყველას იქამდე უშვებდა, სადამდეც შეეძლოთ მოსვლა, კარამდე. კარის შემოღება კი ვერავინ მოიფიქრა, ან სწორედაც რომ ბევრი იფიქრა ამაზე და ამიტომ ვერავინ შეძლო. ვინ იცის?!… არც მას უცდია გაეგო ოდესმე. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო და ეს აგიჟებდა. მისთვის ჩვეულებრივად, სხვებისთვის ვერანორმალურად. ფროიდის თეორიებივით უცენზუროდ და საკამათოდ იქცა. არც ეს აღიზიანებდა, მაგრამ არც სასიამოვნოს პოულობდა რაიმეს ამაში. ძირითადად ინდიფერენტულობით იყო დაკავებული. შავ შოკოლადს და მაგარ ყავას სვამდა. სიჩუმეს უსმენდა და ვერდივით ეშლებოდა ხოლმე ვნებები ფაუსტის კითხვისას.

ეძინა ფხიზელს. ქალაქის ძველი შენობების კედლებიდან წვიმა ჟონავდა. უყვარდა წვიმა, როგორც მარტოხელა მოხუცებს უყვართ ძაღლები. ერთგულ მეგობრად არა, მაგრამ ერთგულ თანამგზავრად თვლიდა ყოველთვის.

იმ ღამით არ უტირია. ისე უბრალოდ, თვალები შეიცოდა, თვალები და კედელი (ვიღაცას რომ აგონებდა ასე ირონიულად, დარიგებულივით). საწოლთან პატარა მრავალკუთხიანი სარკე ეკიდა, კოსმოსის რომელიღაც ობიექტს წააგავდა. წამოდგა. სარკეს გამოხედა გვერდულად და დაეჭყანა, ენა გამოუყო, თვალები მოუჭუტა, სახის ნაკვთები მომანჭა. ეთამაშებოდა. მერე გაუღიმა, ახლოს მივიდა, თვალებში ჩახედა, მერე ოდნავ უკან გადაიხარა, თმა გაიშალა. ხელისგულებში ჩამალა სახე. ათი წუთით გაუნძრევლად იდგა ასე, გაყვითლებული და მისტერიებით გაბრუებული. მერე ნელ-ნელა ამოძვრა სამალავიდან, ისევ სარკეს მიაშტერდა. იქ არავინ იყო. იგრძნო სხეულის გახევება, ხელები ისევ ტოტებს მიამსგავსა, დაძარღვულ ყვრიმალებს მიაშტერდა, დაულაგებელი თმიდან თითქოს ყვითელი ფოთლების შრიალი მოესმა, შემოდგომის პირმშოს უყვარდა ეს ხმა, ეს სურნელი და უყვარდა მზე… მხოლოდ წითელი და ანთებული.

იქ არავინ იყო. ფრთხილი მოძრაობით იწყო ჩაცმა. კარი გამოაღო. კიბის ორ საფეხურს ერთროულად გადააბიჯა, ბავშვობის ჩვევა ჰქონდა. წვიმას თვალი ჩაუკრა, ვიღაც ღრუბლიან მამაკაცს დაეჯახა. გაუღიმა. ხელით უცნაურად ანიშნა რაღაც. ყვითელი ბერეტი და კაშნე გაისწორა, პალტოს ჯიბეებში ჩაილაგა ხელები და წავიდა. . .

იქ არავინ იყო!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: