დროის მანქანა ანუ ანომალიური შიში

რაღაც უცნაური ხდებოდა. მალე ოცდაათი შეუსრულდებოდა, ის კი ძველებურად გამურული ხელებით, დასვრილი პერანგითა და აინშტაინის ერთგული ვარცხნილობით ხვდებოდა საკუთარ შობის დღეს. წლები და დაჭიმული ნერვები შეალია ამ ხვლიკისფერი ყუთის აწყობას რავინმა, მაგრამ მტვრის ნაცრისფერი გემოს მეტი არაფერი ახსოვდა და კიდევ უამრავი დაკარგული წუთისა…
პირველად მაშინ აეკვიატა დროის სვლის შიში, როდესაც მოხუც პაპას შეუსწრო სოფელში. ნახევრად ბნელ ოთახში მჯდომარე ბებერი საკუთარ დაძარღვულ, დაკუჭულ ხელებს დაშტერებოდა. ისე შეეშინდა პატარა რავინს, რომ შარვალიც კი დაუსველდა. ის იყო და ის, მას შემდეგ აეკრა და მიეტმასნა ეს მოუშორებელი, დაძონძილი პანიკური მანტია. ყველგან პაპის ხელები ელანდებოდა. ღამითაც ხშირად გაუღვიძებია მთელი ოჯახი საზარელ ხმაზე აღრიალებულს. ისედაც ინდაურივით მჭახე და ქათამივით დამფრთხალი ხმა ქონდა, უცნაური და არასასიამოვნო. ამის გამო, სკოლაში და ეზოშიც ხშირად დასცინოდნენ თანატოლი ბიჭები, არც გოგოებს მოსდიოდათ თვალში მისი მდორე ხასიათი. თითქმის სულ მარტო იყო და მხოლოდ ეს აბედნიერებდა. ისიც იშვიათად.
დამამთავრებელ კლასში მშობლების სახლი და თბილისი მიატოვა, მეტი არც ჰყავდა ვინმე რომ დაეტოვებინა, არც მშობლები ყოფილან მისი და არც მეგობარი ჰყოლია ოდესმე. სოფელში წავიდა. აკვიატებული აზრისთვის ხორცი უნდოდა შეესხა, თან ჯანმრთელი და მჭლე ხორცი. დარწმუნებული იყო, სწორედ იქ შეძლებდა შიშისა და დროის ერთად მოკვლას, სადაც ეს შიში ჩაისახა და ახალშობილის ბორძიკით იწყო სვლა. მერე არანორმალურად სწრაფად გაიზარდა, გადიდდა და ენაც ამოიდგა. ძირითადად ყვირილი იცოდა და ნერვების ჭამა. ამიტომ სჯეროდა, იქ იყო მისი ოლიმპო, იქ უნდა ეკეთებინა ყველაფერი, რისი კეთებაც არასოდეს შეეძლო (არ უცდია და იმიტომ). ასე უბრალოდ, ადგა და წავიდა.
ცამეტ წელი ჯართის მაგვარი ნივთები ჯერ აგროვა, მერე დაჯიჯგნა და ბოლოს საოცარი კუბი გაამოაკეთა. პატარა ხვრელი ქონდა, თავის ჩასადებად და პანდორას ყუთს გავდა. ისეთი შეშინებული სიყვარულით უყურებდა ხოლმე საათობით ამ ყუთს, რომ ბოლოს ვეღარ ძლებდა და გარეთ გადიოდა. არადა გარეთ გასული ორ წუთში ბრუნდებოდა უკან. ვერ იტანდა სოფლის მშვიდ, ცხოველებისა და გლეხების სუნით გაჟღენთილ ჰაერს.
დრო გადიოდა, ის კი მის უკან შემოსასვლელ ასფალტს აგებდა, არც მეტი არც ნაკლები დროის უკუსვლისთვის საჭირო გზას იგონებდა და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ თვითონ ყველაფერს მისცემდა, ოღონდ ამ გზაზე არ გაევლო. ასეთი იყო რავინი, უცნაური და ვერანორმალურად მოწყობილი.
დღეს მისი დაბადების დღე იყო და არა მხოლოდ მისი. დროის მანქანის ემბრიონი უკვე საგრძნობლად მომწიფებულიყო და ვეღარ ეტეოდა რკინის მუცელში. რამდენიმე საათში, სოფლის სარდაფში ვეებერთელა ყუთი მოიმშობიარებდა არაბუნებრივი გზით ჩასახულ ნაყოფს – წარსულს, მომავალსა და აწმყოს. სიამის ტყუპების დაბადებას ოფლიანი ხელისგულებით, გაფართოებული თვალის გუგებითა და მაღალი არტერიული წნევით ელოდა რავინი.
ღრმად ჩაისუნთქა ნიკოტინის მომწარო გემო, კედელზე ჩააქრო სიგარეტი და იგრძნო, მეტი ლოდინი მასაც შეშლიდა და აპარატსაც წყობიდან გამოიყვანდა. ნელა მიუახლოვდა კუბს. საჭირო ღილაკები მომართა. თავის ჩასადები კაიუტა გამოაღო, ინკვიზიციის პერიოდის გილიოტინას უფრო მიამსგავსა მისი მანქანა, ვიდრე საოცრებათა მქმნელს. მაგრამ უკან დასახევად ძალიან გვიან იყო, მორჩილად დადო თავი გილიოტინაზე და მარცხენა ხელის ცერა თითით ჩართვის მექანიზმი აამუშავა. მართალია მშობიარე ქალის კივილს არ გავდა ეს ხმა, მაგრამ დაჭრილი ნადირის ღრიალი კი ნამდვილად მოაგონა მთელ სოფელს.

იქ არაფერი იყო. რუხი პერანგი ეცვა და პაპის ხელებში იხლართებოდა ტირილით თვალებჩაცვენილი პატარა რავინი. მერე ათასმა კადრმა გადაირბინა დროის გზაჯვარედინზე, მათგან არცერთი ყოფილა მონატრებული ან ძვირფასი. მაგრამ ფანჯარასთან მჯდომარე პაპის სახე უეცრად შეაჩერა და ახლოს მოსწია, უფრო ახლოს, ახლოს და თვალებში ჩააშტერდა… მერე ჯერ გათეთრდა, შემდეგ ნელ-ნელა გაწითლდა და უხერხულად გაეღიმა, თვითონაც ვერ გარკვეულიყო რას გრძნობდა. სამაგიეროდ მძაფრად და გარკვევით იგრძნო კვამლის სუნი და ხანგრძლივი ვიბრაცია. აინშტაინის ვარცხნილობა ცოტა შელახული ქონდა, მაგრამ არაუშავდა. გამურული ცხვირი უფრო მეტად გამურული ხელით მოიწმინდა, თვალები მოისრისა და პირველად გამოაღო სარდაფის ორივე კარი ცამეტი წლის მანძილზე. თითქოს წარსული გაანიავა. საერთოდ არაფერზე ფიქრობდა. არაფერს გრძნობდა. აღარც შიშს, აღარც დროს. აღარ იყო… რა? ვინ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: