***

ჟ.ჟ. 

 ”Мне и вправду везло.

 Только этого мало.”

Арсений Тарковский

მე არ მეგონა, რომ ასე მალე დამთავრდებოდი,

მაგრამ დამთავრდა…

ვზივარ და ვიცდი, იქნებ დილამდე გამიმეორდე,

რადგან აღარ მაქვს

არც იმის თავი, რომ ყველაფერი ისევ ახლიდან გამოვიარო

და შეღებილი

(თუნდაც ოდნავ და მაინც ღია, თან მძიმე)

კარი გამოვიხურო…

შენ არც ის იცი, რა რთულია,

 როცა ამდენი წლის ნაშენებ კედელს ჩამოშლი

და იმის იქით უფრო დიდი კედელი გხვდება.

შენ ეს არ იცი!

და მე კი ურცხვად გაღვიძებ უცხო

და გიყვები ამ ტკივილებზე,

თუ რაც გინდა ის დაარქვი

ჩემს ამ საქციელს, მოუძებნე სახელი ოღონდ…

შენ არ იცი და ვერც გაიგებ,

რა მძიმე ვარ ან როგორ მიჭირს

ამის ახლა ამოღება სულის მშრალ და ბნელი ფსკერიდან.

ჰო, ყველაფერი თავისით მოხდა

და მახსოვრობამ

ერთადერთი შენი სუნი შემომინახა ხელის გულზე,

ალბათ სახსოვრად…

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში

გაცილებით დიდი იყო ტკივილიცა და ბედნიერებაც,

ვიცი, ვერასდროს შევეგუები იმ საათებს,

როდესაც შენი ხელები გრძნობდნენ ჩემი სხეულის შიშსა და ვნებას…

მე შენ მაკლიხარ!

მერე რა მოხდა,

რომ ამ დანაკლისს არ შევივსებ.

დარჩები ასე

და ამტკივდები თვეში ორჯერ

ან იქნებ მეტად…

მაგრამ ყრუ ტკივილს გადავიტან..

გადაგიტანე!

 

რაც იყო იყო და არა იყო,

ზღაპრები მიყვარს, მაგრამ არასდროს მჯეროდა მათი.

არც შენი მჯერა!

 

ხვალიდან ისევ დამეწყება უკუთვლის დღეები

და  ამოვიღებ უჯრებიდან ჩემს ძველ სახეებს

შენს მოსვლამდე რომ მეკეთა.

უფრო მიხდება.

 

თურმე ასეა, 

რაც ყალბია მეტად გიზიდავთ,

გულწრფელობა კი გაშინებთ ყველას.

მე არ მინდოდა დაჯერება,

რომ შენ ყველა ხარ.

მაგრამ ზემოდან ჩანდი თურმე სხვა

და სიღრმეებმა, ამ ზედმეტმა გულახდილობამ

(რისთვისაც მართლა მადლობელიც ვარ)

გაგინაპირა და მიგამსგავსა ადამიანებს,

რომელთა ხელობა სიმარტივეა.

შენც მარტივი ხარ

და ბედნიერი!

 

მე კი ორი ვარ,

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი,

რომ ვერცერთი

ვერასოდეს ვიქნები ასატანი,

იოლად დავიწყებადი,

მალფუჭებადი

და ვერც საიმისოდ ვარგისიანი,

რომ გამიძლონ ან მიმიღონ…

მე ორი მე ვარ,

შენ კი ერთი და ეს ცოტაა!

 

***

ჟ.ჟ.

 

დღეს რამდენჯერაც გავიხედე სარკისკენ, მივხვდი-
მჭირდები!

დროებით.
არა ისე, როგორც ადრე ის.

და ალბათ უფრო იმით დავები შენში ამდენ ხანს,
რომ მას არ ჰგავხარ.
შენ მე მგავხარ,
ძალიან მძიმე და მსუბუქი ამავდროულად.
სასაცილოა, ყველაფერი ისე შემთხვევით გამოვიდა ასე
და არა
სხვანაირად,
რომ მეც კი მიკვირს, როგორ ვახერხებ
მსგავს უმსგავსობებს
ასე მარტივად…

დღეები მიდის.
მაგრამ არ მინდა, რომ მოგაბრუნო.
ვითომ წასული, თუ გაგდებული,
ან როგორც ერქვა იმ ყველაფერს.
ისე საშინლად გამოვიდა შენი წასვლა,
რომ ბევრი ფიქრი ვერც მოვასწარი.

პარადოქსია (როგორც ყველა სხვა)
რომ ჯერ კიდევ შემიძლია ვინმეს მიღება.
დიდი ხანია მასპინძლობის
ყველა თვისება ჩამომერთვა
თუ ჩამოვართვი მე თვითონვე
საკუთარ თავს, გასარკვევია.

თუმცა არც ამას არ გავარკვევ,
დარჩეს ასე ღიად
და უფრო სასურველად,
როგორც ყველაფერი
გაურკვეველი და გაუგებარი.
შენც მხოლოდ ამიტომ რჩები დღემდე ჩემთვის საჭიროდ!
როგორც კი ამოგხსნი, გადაგაგდებ.
შენ ეს იცი, მაგრამ ის რომ გარბიხარ
და მხოლოდ ამით ინარჩუნებ სასურველობას,
არ ნიშნავს იმას, რომ მოიგე.
ჯერ ისევ ფრეა.

მას შეიძლება ვპატიობდი, რომ გარბოდა ,
ან თუ გაქცევა ერქვა ხოლმე
იმ წვალებას, საცოდაობას …
ჰო ვპატიობდი, რადგან გავდა,
ძალიან გავდა
პატარა ორფეოსს
და მის ასაკს, მის ბავშვობას მივაწერე
მისი სისუსტეც,
კომპლექსებიც,
სიცარიელეც.

მაგრამ ნუ მომთხოვ, რომ გავიგო და
იმავე მიზეზებით ავხსნა შენი გაქცევაც.
ეს თავდაცვის მექანიზმები
ჯერ კიდევ რომ გიმუშავებს
ასე მწყობრად და ზედმიწევნით
აგაფეთქებს და ვერ გიშველი.
რადგან მე უკვე მივეჩვიე
მსგავს ტერაქტებს საკუთარ თავში
და იმდენად დავიღალე ამდენი მსხვერპლით,
რომ სურვილიც კი აღარ დამრჩება შენი მიღების
და მითუმეტეს შენთან სიშიშვლის…

***

თითქმის წელია აღარ ვწერ და ახლაც მიჭირს

მკლავების გავლით თითებამდე მომყვეს სიტყვები.

ჩემი ფერია შემოდგომა, სხვებს ვერ განვიცდი,

ამ დროის გარდა, ყველა სხვა დრო გადის თავისით…

სამწუხაროა, წლებთან ერთად კი არ გროვდება,

უფრო თანდათან კლებულობს და ქრება სათქმელიც.

ალბათ ცხოვრება უსასრულო გიშრის ღობეა,

თვალი თუ ეცა, დაიმსხვრევა და ვერ აცდები

ნამსხვრევისგან ათას ჭრილობას.

სჯობს თავიდანვე შეეგუო,

რომ არ გაქვს ბედი, აღარც საშველი.

შეეგუო და გამოიგონო,

პატარ-პატარა ისტორიები საკუთარ თავზე

და იმ დღეებზე, რომლებიც სულაც არ გიცხოვრია.

შეეგუო და გადააფასო შენი ცხოვრების

უდიდესი სიკეთეები და ტრაგედია.

რა მარტივია,

მაგრამ არ გინდა!

***

და რა  მომიტანე?! -  დიდი უძრაობა.

თანდათან  სიტვყვებიც აზრისგან დაცალე.

ვზივარ, გიყურებ და ვფიქრობ, უდავოა,

რომ უნდა  წავიდე,

რომ უნდა დავმთავრდე.

 

საერთო რაც გვქონდა, დღემდე საერთოა

შენ ხელს არ შეგიშლის.

ვეღარც მე  მადარდებს.  

ცხოვრება გაივლის – მრგვალი უაზრობა

დიდი იმედებით, სიბერე … მანამ კი,

იმდენჯერ მოვასწრო იქნებ უშენობა,

რომ დროც აღარ ეყოს ყველა სხვა დანარჩენს.

 

მათემატიკურად:

წამებს – წუთები,

საათებს – დღეები,

თვეებს წლები მოყვა.

 

ბიოლოგიურად :

ზოგჯერ მშრალი ხველა,

ზოგჯერ უძილობა,

ხშირად ცუდი წნევაც.

იყო ბევრი ცრემლი,

იყო ბევრი ტკენაც.

 

ლიტერატურულად,

უფრო საკრალურად,

მხოლოდ ერთი სიტყვით აგხსნი,

გადაგთარგმნი:

 

შენ ის კედელი ხარ,

რომლის დასანგრევად

როცა მოვემზადე,

მაშინვე დავმარცხდი.

 

შემოვლითი გზები სანამ არსებობენ,

სანამ  მე მე ვარ და ვერ ვიქნები მეტი.

უნდა მოვაცილო შენს მხრებს ჩემი სახე. 

აღმოვაჩინო, რომ არსებობენ სხვებიც.

***

შენ მასწავლე, რომ დროსთან ერთად მძიმდება სისხლიც,
რომ ცხოვრებაში იოლია იმ მხარეს დგომა,
სადაც არ სჯერათ არც სიმართლის, არცერთი სიტყვის,
რომლის თქმაც ალბათ რად გიჯდება რა იცის ზოგმა.

შენ მასწავლე, რომ სულერთია რა გზებით ივლი,
რომ ყველა გზაზე მთავარია დარჩე მარტივი.
არ გაართულო ამოცანა, რომელსაც გიხსნის
თვითონ ცხოვრება, ზოგჯერ ძნელი, ზოგჯერ ადვილიც.

ჰო, შენ მასწავლე და მაშინვე ინანე მახსოვს,
რომ ყველა ხერხი გამოდგება გადასარჩენად.
სხვა არასოდეს გიერთგულებს, არაფერს დათმობს
და ერთადერთი გზაღა რჩება – მიზნის მიღწევა.

შენ დამაჯერე სხვა ათასგვარ სისულელეშიც.
შენ მიხატავდი არარსებულ ფერად ნახატებს.
შენ შემაყვარე ღამით კითხვა და წიგნით ხელში
ვიძინებდი. დღემდე მადარდებს
და თავს ყველაზე უსარგებლოდ მაგრძნობინებს
ყოველი წუთი, სულ არაფერში რომ გავიდა
და მომიტანა უამრავი პანდორას ყუთი,
მხოლოდ ფილმებში რომ მინახავს და სხვაგან არსად…

შენ ალბათ აღარც გეხსომება როდის მასწავლე,
რომ სიყვარული გაცილებით მარტივია, ვიდრე
ალგებრა,
გეომეტრია,
ბიოლოგია,
ანატომია,
და გაცილებით რთული, ვიდრე
ფიზიკა,
ლიტერატურა,
ისტორია,
ენა და ფიზკულტურა.

სასაცილოა, მაგრამ სულაც არ არის ცუდი,
რომ შემიძლია იუმორით შევხედო იმას,
რისიც ყველაზე მეტად მეშინია.

პარადოქსია,
მაგრამ უნდა ვთქვა,
რომ გაცილებით უკეთ მძინავს,
რაც შენ აღარ ხარ.

და უკვე ვიცი, ბოლო ღერი მიჭირავს ხელში
იმ ასანთის კოლოფიდან ამოღებული,
რომელსაც ბავშვობიდან ვინახავდი
და თითო ღერს ვანთებდი, როცა
ყველაზე მეტატ მეშინოდა ან მტკიოდა.

დღესაც ჩაფიქრებულს და გათეთრებულს,
ჩამწვარი ღერით დამწვარი თითები გამომაფხიზლებს.
დავხედავ კოლოფს და ირონიით გადავაგდებ…
მერე თაროზე ავხედავ წიგნებს
უკვე სველი ხელისგულებით,
ჩაწითლებული თვალის გუგებით,
ავხედავ წიგნებს,
უფრო მათ უკან გადამალულ ასანთის კოლოფს
ახალს და სავსეს, ჯერ ჩაუმწვარი
შიშებითა და ტკივილებით…

***

ვხედავ ყველაფერს გადაესვა შავი ფანქარი

და ის რაც იყო დღემდე ალბათ, უჩემოდ იყო.

რატომ? პასუხი აღარა მაქვს ახლა დავარდნილს.

არც მაშინ მქონდა, როცა ვთვლიდი, რომ მქონდა თითქოს.

წითელი ქვებით ნაშენები ცივი კედლები

კარუსელივით დატრიალდნენ და დამაბრუნეს

იმ სამყაროში, სადაც ყოფნა მე ვერ შევძელი

ან უფრო სწორად, ყველაფერი მე გავართულე.

ჰო, შეიძლება,ვიმსახურებ და ამიტომაც

პირქვე დამხობილს ზედ მეყრება ყველა აგური

იმ კედლებიდან აგებული ყველა შენობა

ყველა ტკივილი, ყველა ვარდნა და სინანული.

და გადავიტან ნებისმიერს ისე უთქმელად,

რომ მიკროსკოპით დაკვირვებაც ვერ აღმოაჩენს

ვერცერთ სილურჯეს, სისხლჩაქცევას, ლაქას, ჭრილობას…

ოღონდ ზურგიდან ხელს ნუღარ მკრავ.

ვეღარ გავუძლებ!

ცარიელი ვარ. ოცდამეორე წელიწადია ცარიელი ვარ.

ვერ ამოვაშრე გზაზე სისველე, რომელზეც ფეხი მისრიალებს ყოველ დილით და ვერ მივდივარ წინ…

სიზმრებს ჰგონიათ ყველაზე მეტად მათი მჯერა.

სისულელეა. თავს ვიჯერებ, თორემ არ მჯერა არც სიზმრების.

აღმოვაჩინე, რომ რაც ვიზრდები, უფრო ნაკლებად ვნერვიულობ

და უფრო მეტს ვრთავ ნებას იყოს ყალბი, უხეში, ოღონდ უჩემოდ.

ბოლო დროს დამჩემდა ნეიტრალური მდგომარეობა

და ვგრძნობ ისევე არ მიხდება, როგორც სიმღერა,

რადგან არცერთი მათგანის ნიჭი არ დამყოლია და ვერც მერე შევძელი სწავლა.

მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც ისე მალე გამივლის, როგორც  სხვა ყველა…

და თუ არ მინდა, ექიმების ღიმილივით ნაძალადევს დაემსგავსოს ჩემი ცხოვრება,

სჯობს გავიხადო ძველი სხეული,

გადავეჩვიო მავნე ჩვევებს (დავიწყო შენგან),

გავყიდო, თუნდაც ოცდაათ ვერცხლად,

ყველაფერი, რაც ახლა თან მაქვს, რაც უკვე იყო

და რაც ვერ იყო…

ვფიქრობ, მოვიდა იმის დროც, რომ შევეშვა წერას.

რადგან ნაკლებად გაამართლა ამ თერაპიამ.

თუმცა არ ვმალავ, რომ მიშველა.

ნაწილობრივ გადამარჩინა…

მთლიანად ვერა.

ჩემი ღამის შიშები და შენი მერამდენე მშვიდი ძილი…

მუხლებზე მიდევს გაყინული ორივე ხელი

და ველოდები გათენებას, რომ გაგეღვიძოს.

ისე მრცხვენია, მერამდენე სიმართლეს გეტყვი,

რომლის მოსმენაც სულ არ არის ალბათ საჭირო.

 

გიყურებ. გძინავს. გაკვირდები და მეშინია,

რომ ჩემი ფერი აღარ გადევს უკვე სახეზე.

დიდი ხანია წასვლა გინდა, მაგრამ ძნელია,

გაგიჭირდება ასე წასვლა, თუ არ გაგიშვი.

 

წადი! დამთავრა.  რაც აქამდე ვწერე ყალბია.

წადი! ნუ მომთხოვ იმის ახსნას, რატონ ან როგორ.

წადი, წაიღე გასაღები კართან აგდია

შენ რომ იპოვე სულ შემთხვევით დეკემბრის ბოლოს…

 

ნელა მომხსენი სამაჯური თეთრი მაჯიდან,

მისმა ტარებამ ახლა უკვე აზრი დაკარგა.

არ გაგიკვირდეს გულწრფელობა სულელ ქალისგან,

რომელსაც შენგან მოთმენილი რაღა აღარ აქვს…

წადი!

***

მორჩა! არ მტკივა, რადგან წუხელ ტკივილს ვაჯობე.
მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო. უკვე ძნელია,
კედლის გადაღმა გადმოძრომა გამიჭირდება,
რადგან ეზოში ყრუ ფანჯრებიც აღარ მელიან.

იანვარს მოყვა საშინელი, ცივი დღეები.
ვიჯექი ცეცხლთან და მომინდა ცეცსლში დამეწვი.
თითქოს ვცდილობდი ამომეწვა შენი სიშორე
ხელზე, იარად დამრჩენოდი, მერე გამეშვი.

ხუთი წლის ერთად ნაცხოვრები ჩვენი დღეები
ფურცლებად მეწყო მაგიდაზე, როგორც წამლები
და ყოველ დილით თითო ფურცელს,
ანუ თითო დღეს, მე ვკითხულობდი, 
ანუ ვსვამდი, როგორც აბები...

გადაიარა იმ ზამთარმაც, ახლა უკეთ ვარ.
მხოლოდ და მხოლოდ ვერ დავძლიე ღამის შიშები.
ჰო, როცა მარტოს ბრმა ოთახში სხვა გზა არ მრჩება
ურცხვად გაღვიძებ და გიყვები როგორ მჭირდები.

***

შენ არ გითქვამს, რომ ბავშვობაში შენს ენაზე ლაპარაკობდი და გქონდა შენი პატარა სახლი.

შენ არ გითქვამს, რომ ყოველთვის გულს გირევდა საუკეთესოს იარლიყი,

რომ გეშინოდა მამის იმედების…

არ გითქვამს, მივხვდი.

არასოდეს გისაუბრია ჩემთან ისე, როგორც მე – შენთან.

ვერ მოვახერხე იმ კედელზე გადმოძრომა,

ძლივს ვაგდებდი თითო-თითოდ აგურს ყოველ ღამით,

მეორე დილით კი თავის ადგილას მხვდებოდა ისევ ყველა მათგანი.

არასოდეს გითქვამს, რომ გიყვარდი

რომ  გჭირდებოდი,

რომ გენატრებოდი,

რომ გტკიოდი,

რომ  წუხდი,

ზრუნავდი,

ჩემზე და ჩემთვის;

რომ გახსოვდი მუდამ,

რომ გაკლდი და საერთოდ

ისიც არასდროს გითქვამს ,

გინდოდი კი ოდესმე?!

ეს ყველაფერი შენ არ გითქვამს,

მე მიგიხვდი,

მე გათქმევინე,

მე გავაკეთე შენ მაგივრად

და ამისთვის ვისჯები დღესაც.

შენთვის ყველაზე ბუნებრივი და საყვარელი მდგომარეობა

იყო და არის: ჩუმად ყოფნა.

ძალიან აუცილებელი რომ არ იყოს

საერთოდ არ ამოიღებდი ხმას.

და თუ ლაპარაკობ ზოგჯერ ბევრს, ძალიან ბევრს,

მხოლოდ იმიტომ, რომ  არ მიგიხვდნენ,

როგორ გინდა გაჩუმდე.

შენ სხვებს არ გავხარ.

შენ ყველაზე ბანალური ხარ!

მე შენგან, წესით, ვისწავლე მხოლოდ და მხოლოდ დუმილი.

წესით ჰო. სხვა რა უნდა მესწავლა განა?!

მაგრამ რომელი წესით?!

სისულელეა.

ეს მორიგი თავისშეცოდება იქნება ალბათ

მე კი ,წესით თუ უწესოდ, აღარ გამიკვირდება…

 

 

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.